Wednesday, October 21, 2009

ახალი წელი კახეთში





საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია - მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს.


კახეთში ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია, თუმცა, სხვა დღესასწაულების მსგავსად, ამ მხარეში ახალ წელსაც მოკრძალებულად აღნიშნავენ. კახელებს ორი ახალი წელი აქვთ, “ნამდვილი” და “ტყუილი”. ”ნამდვილ” ახალ წელს ისინი ძველი სტილით 14 იანვარს აღნიშნავენ, “ტყუილი” ახალი წლისთვის კი (31 დეკემრის ღამე) ბევრ ოჯახში არც კი ემზადებიან. ძველით ახალ წლამდე, კახელები შობას ზეიმობენ. 7 იანვარს, მარხვის გახსნილებს აღსანიშნავად, აუცილებლად ღორს კლავენ. ხორცის ნაწილს ამარილებენ და საზამთროდ იმარაგებენ, ნაწილს კი საახალწლოდ ინახავენ. ასე რომ, ღორის ხორცი კახური საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია. საახალწლო სუფრას აუცილებლად ამშვენებს თეთრი ყურძნის ბადაგში ამოვლებული კახური ჩურჩხელები და გოზინაყი. მოხარშული და შაქარმოყრილი გოგრა, ზღმარტლი, ვაშლი და ჩირი. თონეში ახლად გამომცხვარ შოთებსა და ლავაშებს გვერდს წვრილად დაჭრილ ხახვში მოზელილი და ზეთში გამომცხვარი ტკბილი ქადები, კახური ნაზუქები და ბასილა უმშვენებს. ბასილა ნაზუქის ცომისგან გამომცხვარი “ხელებგაშლილი და გაბოტილი” კაცია, ჩამიჩის თვალებით. იგი სიუხვის და ბარაქის სიმბოლოა. თოფი რომ გავარდება, ყველამ იცის რომ ახალი წელი დადგა. ოჯახის წევრები ერთმანეთს კახური ღვინით ლოცავენ. თუ სტუმარი შემოესწროთ, კახურ მრავალჟამიერსაც დაამღერებენ. მეკვლეს, როგორც წესი, კახელები წინასწარ ურიგდებიან და დილით გათენებისთანავე ელოდებიან. მეკვლეობა მათთვის ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობა და ამასთანავე დიდი პრივილეგიაა. მეკვლე ზღურბლს აუცილებლად მარჯვენა ფეხით გადააბიჯებს და მასპინძლებს ახალი წლის დადგომას ტრადიციულად ულოცავს: “შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა”.

No comments: